Monday, February 25, 2013

ჩვენ მომავალ თაობას ფესვებიც გვჭირდება და სამომავლოდ ასაფრენი ფრთებიც!



          ექვთიმე თაყაიშვილი დაამწუხრა გაბრიელ ქიქოძის გარდაცვალებამ. იგი 1896წელს სპეციალურად ჩავიდა თბილისიდან ქუთაისში და ერის ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მის დაკრძალვაში.
   "გამომსვლელებს ბოლო არ უჩანდათ.იმდენად ბევრი იყო სიტყვის მსურველი რომ თვით ილიასაც დაუგვიანეს ტრიბუნასთან მისვლა.გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედარი,-იგონებს ექვთიმე-გელათის ეკლესიაში იყო დასვენებული,საკურთხევლის წინ.ხალხი მოდიოდა,მჭიდროდ ერტყმოდა კუბოს გარშემო და იყო გაუთავებელი სიტყვები...ამ მდგომარეობაში ვიყავით,რომ საღამო შემოგვესწრო და ილიამ გვითხრა : "ჩემი სიტყვის თქმა აღარ ღირს,მაგრამ ცოტა ხანს კიდევ დავიცდით და მერე კი წავიდეთო". ბოლოს მანვე გვითხრა "მივიდეთ ახლა და გამოვეთხოვოთ მიცვალებულსაო". მე წინდაწინ მივედი კუბოს ირგვლივ შემორტყმულ ხალხთან,რამდენადმე გავთიშე და ხმამაღლა დავიძახე: "ბატონებო,ცოტა ჩამოდექით და გზა მოგვეცით,ბატონ ილია ჭავჭავაძეს აქვს სიტყვა მეთქი". ერთი სიტყვით "პროვოკაცია" მოვუწყე ილიას! ხალხი მაშინვე გაიშალა,ილიაც წამოდგა და წარმოსთქვა სიტყვა.მას დიდი პატივისცემითა და აღტაცებით მოუსმინა ხალხმა,რომელსაც გაეჭედა ეკლესია... თვით ილიაც კმაყოფილი დარჩა რომ სთქვა".1
  ექვთიმე ილიასთან ერთად იღვწოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში,თავადაზნაურთა ბანკის საკრებულოში და საერთოდ ყველაგან,სადაც კი ერისთავის სასიკეთო და საჭირბოროტო საქმე უნდა გადაწყვეტილიყო.
1900წლის 14 ნოემბერს,ილია ჭავჭავაძესთან და სხვა ერისკაცებთან ერთად,ექვთიმე თაყაიშილი მონაწილეობს მომავალი ქართული საუნივერსიტეტო შენობის საძირკვლის გასვკვნისა და დალოცვის ცერემონიაში.
   ილიას დაწყებული საქმეები, მის ფესვებზე გაზრდილმა აიტაცა და შთამომავლობას შეულამაზებლად გადასცა.ამიტომ იტყვიან: ჩვენ მომავალ თაობას ფესვებიც გვჭირდება და სამომავლოდ ასაფრენი ფრთებიც.2

წყარო1: ექვ.თაყაიშვილი,   რჩეული ნაშრომები,    ტ.I,   1968წელი,   გვ.254.
წყარო2: გ.ლომთათიძე, "ექვთიმე თაყაიშვილი", გვ.126,  თბ., 2011წელი.

მოგონებები იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძეზე.


 

     1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს გვერდში ედგა ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენებას განჯიდან თბილისს. მალე ექვთიმეს თავგამოდებით და მისი რედაქტორობით დავით კარიჭაშვილთან ერთად"."წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
         ოჯახს ექვთიმე თაყაიშვილი 1895წელს მოეკიდა.ცოლად შეირთო ილია ჭავჭავაძის ერთი საუკეთესო მეგობრის, დედით ზედგენიძისა და გაბაშვილების სიძის, იურისტ ივანა პოლტარაცკის ასული ნინო,რომელიც სიკვდილამდე ერთგულად ედგა მხრაში თავის მეუღლეს.ნინომ სიცოცხლის აღსასრულამდე მაღალღირსეული სათნოებითა და გმირობით იარა თავისი მეუღის უმძიმეს ეკლიან გზაზე.
  ექვთიმე თაყაიშვილი განუყოფლად იყო დაკავშირებული ერის სულიერ მამასთან,იმერეთის ეპისკოპოსთან გაბრიელ ქიქოძესთან(1825-1896). ქედს იდრეკდა მისი ზნეობრივი სიწმინდის,ღვთისმოსაობისა და მამულიშვილური ღვაწლის წინაშე.
   ექვთიმე დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს,თუ როგორ ზრუნავდა იგი სასულიერო პირთა ზნეობრივი სიწმინდის დასაცავად.ამასთან დაკავშირებით ექვთიმე იხსენებს: "გაბრიელ ეპისკოპოსის დროს სამეგრელოს მღვდელმთავრად ყოფილა გრიგოლ დადიანი,"რომელსაც ბევრ უზნეობას სწამებდნენ.გაბრიელს ჩამოეგდო ამის შესახებ მასთან ლაპარაკი,დადიანს ეს შეურაცხყოფად მიუღია და ეთქვა: "მეც ისევე მღვდელმთავარი ვარ,როგორც თქვენ და ასეთი ამბავი ჩვენს შორის არ ეგების" გაბრიელ უპასუხია : "მართალია,მღვდელმთავარი კი ხართ,მაგრამ პავლე მოციქული ამბობს,ვამხილოთ ერთმანეთიო".

წყარო: ა.ნიკოლაიშვილი,  გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), გვ.22, თბ., 1990წ.

სამი ისტორიული ქრონიკა


      მუშაობის შედეგი საყურადღებოდ მიუჩნევიათ მის ჩამტარებლებს : "ას მანეთად მარტო ქალღმერთის თავი ღირსო", უთქვამს ილია ჭავჭავაძეს.
მესხეთის-"საქართველოს პომპეის" -მდიდარი არქეოლოგიური კომპლექსის გათხრა-შესწავლად ექვ.თაყაიშვილი უბრუნდება 12 წლის შემდეგ და უკვე პირადად უძღვება მუშაობას.
1890წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ერთად თავი მოუყარა,და გამოაქვეყნა "სამი ისტორიული ქრონიკა"("მოქცევაი ქართლისაი","სუმბატის ქრონიკა" და "მესხური ქრონიკა"). ამ გამოცემამ მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი და ცხოველი პაექრობაც გამოიწვია. "სამმა ქრონიკამ" იგი ერის ღირსეულ მამულიშვილთა გვერდით დააყენა. 1892წლის "ივერიის" საახალწლო ნომერში ილია ჭავჭავაძის,ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის გვერდით ექვთიმეზეც გამოქვეყნდა საახალწლო მილოცვა ლექსად:
                  "მეცნიერი კაცი ხარ.
                   უნდა იყო დინჯადა.
                  კატალოგს გაუფრთხილდი
                 არ მოექცე ხინჯადა.
                 საქმე არ გაგვიფუჭო
                 გიცნობთ კაი ბიჭადა
                 სასარგებლოს გასწავლის
                 ვინც რომ გიდგან კრიჭადა".

   წყარო: ლ.სანიკიძე,       "წიგნი მოწამეთა",   გვ.574,     თბ., 1998წელი.

ექვთიმე თაყაიშილი შემდგომში იხსენებდა



      "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი რო გავხდი,მივიხედ-მოვიხედე,შევიტყვე რომ იმ ძვირფას ხელაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი,დავუწყე პატრონობა.მერე თანდათან გამიტაცა,შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე თან,გზადაგზა,ხელნაწერთა აღწერილობებს აქვეყნებდა გაზეთ "ივერიაში".1

        1888წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია "პარხლის სახარება". ამას მოჰყვა შატბერდული "მოქცევაი ქართლისაის" ახლებური წაკითხვა. ამ ნარკვევის მეცნიერულ სამსჯავროზე გამოტანას ილია ჭავჭავაძეც დაესწრო და დიდი მოწონებითაც მოისმინა ახალგაზრდა მკვლევარის მოსაზრებანი.
         ფრიად საყურადღებოა ბაგინეთის არქეოლოგიური კვლევის ამბავი,რომელიც ილიას ხელშეწყობით და წაქეზებით დაიწყო.
          გთავაზობთ ამონარიდებს "ლიტერატურის მატეანედან" რომელიც დაიბეჭდა 1962წელს : "1889წლს ვინმე განძის მაძიებელი ბერძენი მისულა "ივერიის" რედაქციაში,ილია ჭავჭავაძესთან -როგორც იმჟამად ყველა ქართული საზოგადოებრივი თუ კულტურული საქმიანობის მესვეურთან-და უთქვამს მისთვის,რომ საუნჯე ეგულებოდა მცხეთაში ბაგინეთში შემორჩენილი "კოშკის" ნანგრევებში.ი.ჭავჭავაძეს ეს ამბავი უცნობებია დ.ბაქრაძისათვის,რომელსაც,როგორც რუსეთის სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპოდენტს,არავინ დაუკავებდა თხრის ნებართვას(ე.წ. "ღია ფურცელს") ბაქრაძეს,უკვე ხანში შესულს,ის ღია ფურცელი ახალშეძენილი საიმედო და მხნე თანაშემწისათვის,ექვ.თაყაიშვილისათვის გადაულოცავს,მაგრამ ექვთიმეს გიმნაზიაში გაკვეთილები უნდა დასწყებოდა და დროგამოშვებით მოუხერხებია ველზე სიარული.მიწის მუშათა გასამრჯელოსათვის ფული,სულ 100 მანეთი,ი.ჭავჭავაძეს მოუგროვებია რამდენიმე კაცში.მუშაობა ორ-სამ კვირას გაგრძელებულა.ორი კვირის გათხრებმა საგრძნობი შედეგებიც მოიტანა,მაგრამ უსახსრობის გამო მუშაობა ვეღარ გაგრძელებულა. "2

წყარო1: ლ.სანიკიძე "წიგნი მოწამეთა", გვ.573, თბ., 1888წელი.
წყარო2: "ლიტერატურული მატიანე",N6, ნაკვეთი პირველი 1962წელი გვ.42-43.

დაბრუნება საქართველოში





       ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაასრულა და 1887წელს საქართველოში დაბრუნდა.საქართველოსათვის უმძიმესი რეაქციის წლები იყო. ცარიზმი ცდილობდა საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის დამკვიდრებას. ქართული კულტურის,ტრადიციისა და ზნის ძირფესვიანად ამოძირკვას.
    ექვთიმემ გიმნაზიაში მუშაობის დაწყებისთანავე მიიპყრო ყურადღება ერის მაშინდელ სულიერ მოძღვართა წრეში და სულ მალე,1888წელს,იგი შეიყვანეს "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრად. აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ექვთიმე თბილისში ჩამოსვლისთანავე საქმიანად დაუკავშირდა ილია ჭავჭავაძეს და მის ირგვლივ შემჭიდროებულ მოწინავე წრეს,რომელმაც დაუყონებლივ დააფასა და უყოყმანოდ აღიარა მისი მეცნიერული და მოქალაქებრივი ღირსება.
   ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ახალგაზრდა ექვთიმე თაყაიშვილის პირვანდელი და ფხიზელი კრიტიკული შენიშვნები მისგან დიდად პატივცემული ილია ჭავჭავაძისადმი,რომელიც ნამდვილად უხსნიათ ამ უკანასკნელის "ქვათა ღაღადის" ზოგი ადგილი. მეცნიერული დასაბუთების უხერხული მცდარობისგან.
                     ექვთიმე იგონებს:
"ქვათა ღაღადი" რომ გამოვიდა... დიდი კაცი იყო ილია,ძალიან ფრთხილი,არაფერს ისე არ იზამდა,თუ კომისიას არ შეყრიდა და წინასწარ არ გააცნობდა დაწერილს. მეც მიმიწვია იმ ("ქვათა ღაღადის" გამო შეყრილ კომიასიაში), ხიზანიშვილი იყო (მას სხვებზე უფრო მეტად ესმოდა), ცხვედაძე,პროკოფი (ვლადიმერ ) მიქელაძე... ჰოდა,წაგვიკითხა. თხრობა,იუმორი,როგორც საჭიროა ყველაფერი იყო,მაგრამ მე შევნიშნე,რომ ფაქტობრივი მხარე იყო სულ მთლად დამახინჯებული. ყველამ მოუწონა,მაგრამ მე ვკითხე : კნიაზ ილია,წაიკითხეთ ეგ სტატია თქვენა მეთქი?(პატკანოვის ის წერილი,რომელსაც ილია ამათრახებდა-გ.ლ.) არაო,-მითხრა,-მაგრამ მე კარგად ვიცნობ მაგის აზრს,ბაქრაძის სტატიით! მე ვუთხარი: ეგრე არ შეიძლება,მე მაქვს ეგ სტატია და მოგიტანთ-მეთქი. ძალიან კარგიო, მითხრა,მაგრამ ეწყინა კი ძალიან.მოვუტანე და გაასწორა,მაგრამ,მეო ქართველებისთვის ვწერ და არა მეცნიერებისთვისო, მითხრა მაინც."ქვათა ღაღადის" რუსული თარგმანი გააკეთა ალექსი-მესხიევმა(ნიკოლოზმა) და ილიამ შეასწორა. შესანიშნავი თარგმანია. რუსულად დაწერილს ჰგავდა..."
წყარო: გ.ლომთათიძე, "ექვთიმე თაყაიშვილი",გვ. 126.თბ., 2011წელი.

ერისკაცები - ილია და ექვთიმე





       ექვთიმე თაყაიშვილი იმ ეროვნული ფესვებიდან აღმოცენებული მამულიშვილია, რომელსაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში საძირკველი ჩაუყარა ერის სულიერმა მამამ,ილია ჭავჭავაძემ.
         თავისი აქტიური მოღვაწეობით და შემოქმედებით მან წარუშლელი კვალი დატოვა ეროვნული კულტურის ისტორიაში.
       ექვთიმე თაყაიშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ,1883წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ქართველ სტუდენტებს ძლიერი სათვისტომო ჰქონდათ. მათი მთავარი საფიქრალი,საზრუნავი და საკითხავი იყო საქართველო,მისი წარსული,აწმყო და მომავალი.ახალგაზრდა ქართველთა ამ აზრობრივ დუღილს სახელად კვლავ ერქვა "თერგდალეულობა", რომლის სულის ჩამდგმელი და წარმმართველი იყო ილია ჭავჭავაძე.
      ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგში პირადად გაეცნო ჯერ ილიას,მერე ვაჟას,ხოლო აკაკის ექვთიმე პეტერბურგამდეც კარგად იცნობდა-ქუთაისიდან. ქართველი ხალხის ეს სალოცავი სამეული დიდი პატივისცემით,სიყვარულით და იმედოვნებით უცქერდა ახალგაზრდა თაყაიშვილის წინსვლას.
  "სტუდენტობისას ექვთიმე,როგორც მის ყმაწვილობიდანვე მკაფიოდ თავჩენილ საზოგადოებრივ ფრთიანობას შეეფერებოდა, აქტიური მონაწილე ყოფილა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობისა,ხელმოკლეთა სასრგებლოდ საღამოების გამართვისა და ა.შ. ერთხელ,ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით იგი,საამისოდ არჩეული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად,სათათბიროდ ჰხლებია პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს და ამ უკანასკნელის რჩევით,სტუდენტებს კარგად მოზრდილი თანხა გადმოუციათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის. ასე გასცნობია ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს იმ თავკაცს,რომლის ლექსებიც მოწაფეობის დროს სიყვარულით უზეპირებია და რომელთან უმჭიდროესი ურთიერთობა და მხარდამხარ  მოღვაწეობის შემდეგ,სულ მალე,არგუნა ბედმა. ილია მაშინ კარგა შუახნის კაცი ყოფილა: გავიხსენოთ, რომ იმ წელს,როდესაც ექვთიმე დაიბადა ლიხაურში,ილია უკვე რედაქტორობდა ჟურნალ "საქართველოს მოამბეს".

წყარო: გიორგი ლომთათიძე,ექვთიმე თაყაიშვილი,გვერდი 14,თბ.,2011წელი.

ჩვეულებრივი საზოგადო კრება 1912 წელს,მარტის 5_ს





      კრება გაიხსნა საღამოს 8 საათზე. თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს დარბაზში ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. დაესწრნენ საზოგადოების წევრები:ქუთათელაძე,პეტრემირიანაშვილი,მღვდ.ცინცაძე,დ.კარიჭაშვილი,მღვდ.ვას.კარბელაშვილი,არქიმანდრიტი ამბროსი, მღვდ.მაჭარაშვილი, ა.ჯვარიშეიშვილი, ალ.სარაჯიშვილი, გ.ჯავახიშვილი,ს.გორგაძე და გარეშე მსმენელნი.
  I.პირველად ბ-ნმა თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვრცლად გეგმა დიდებულ ბანის ეკლესიისა(ტაოში),რომელიც აშენებული იყო ადარნასე კუროპალატის დროს(888-923წ) : იგი წარმოადგენს მრგვალი მოყვანილობის სამსართულიან შენობას,რომელიც სივრცით თითქმის ყველა ტაძრებს აღემატება ამიერკავკასიაში.

 II. შემდეგ საზოგადოებამ მოისმინა არქიმანდრიტ ამბროსის(ხელაია)მოხსენება "ჭელიშის ვარიანტი ქართლის მოქცევისა". ვარიანტი იძლევა ფრიად საინტერესო ცნობას ქრონიკის ავტორის შესახებ,სახელდობრ,იგი ამბობს,რომ "ქართლის მოქცევა" შედგენილი იყო გრიგოლ დიაკვანისაგან-ვარიანტში მოთავსებულია ახალი ცნობა ბარაზ ბაკურის დროის შესახებ: ვარიანტი ამ მეფეს მიაწერს წმ.გიორგის სახელობაზე ეკლესიის აშენებას. მომხსენებლის აზრით,ამ ცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს,რადგან იგი მოწმობს,რომ წმ.გიორგის პატივისცემა ქართველებში მე-VI საუკუნეშივე გავრცელებულა.რით აიხსნება ეს ფაქტი,თუ არა მით, რომ წმ.გიორგი კაბადოკიელი ქართველი უნდა ყოფილიყო,ან ქართველგანმანათლებლის მონათესავე?! ამითვე უნდა აიხსნებოდეს ის გარემოებაც, რომ არცერთ ხალხში წმ.გიორგის ისე პატივს არა სცემენ,როგორც ქართველებში,სადაც მას სამასზე მეტი ტაძარი აქვს აგებული.მომხსენებლის აზრით,ქრონიკის ჭელიშის ვარიანტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საისტორიო მეცნიერებისათვის.
        მოხსენებამ ცხოველი აზრთა გაზიარება გამოიწვია.
    მღვდ.პოლ.კარბელაშვილი : საყურადღებოდ მიმაჩნია მამა ამბროსის აზრი წმ.გიორგის ქართველობის შესახებ. ეს აზრი გვხვდება როგორც მწერლობაში, ისე ჩვენი მთიულების რწმენა-თქმულებაში,მაგალითად, სვანეთში დღემდე ცნობილია "ვიბლიანების" საგვარეულო,რომელსაც დაცული აქვს ილორის ხატის პირი და რომელსაც ყველა სვანი დიდის მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობა; ამ საგვარეულოში დაცულია გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს ვითომც ვიბლიანები ჭანეთიდან(კაბადოკიის მეზობლად) ყოფილად მოსული და დასახლებული პირველად ილორში და შემდეგ ილორიდან სვანეთში. წმ.გიორგის ის ხატი რომელიც დღეს ილორში ასვენია, ამ საგვარეულოს თან მოუტანია თავისი ძველი სამშობლოდან; ვიბლიანებს სჯერათ,რომ წმ.გიორგი მათი წინაპრების ნათესავი იყო.
    1913წლის 25ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სამუზეუმო დარბაზში ე.თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართლა საზოგადოების
წევრთა კერძოთათბირი .თათბირს დაესწრნენ: ი.აბულაძე, გომელაური, ს.გორგაძე, გ.იმნაიშვილი,ვ.კარბელაშვილი,დ.კარიჭაშვილი,ა.მირიანაშვილი,პ.მირიანაშვილი,ა.მდივანი და ი.სონღულაშვილი. თათბირის მდივნად აირჩიეს ი.სონღულაშვილი.
     1913წელს პ.კარბელაშვილმა თბილისში გამოსცა ნაშრომი : "ამილახვრიანთ საგვარეულო ისტორიული გუჯრები"("ძველი საქართველო",გვ.101-133) მისი რედაქტორი ე.თაყაიშვილი იყო.
  1913წელს საზოგადოების ნამდვილ წევრთა სიაში იყვნენ: კარბელაშვილი პოლიევქტოს(მღვდელი)და კარბელაშვილი (მღვდელი). საპატიო წევრები - აკაკი წერეთელი,ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი.

წყარო: ჟურნალი "ქვავაკუთხედი",   №8,   გვ.26,   2006წ.

Tuesday, February 19, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი და ძმები კარბელაშვილები



      მადლიერი სამშობლო არ ივიწყებს და არც ოდესმე დაივიწყებს თავის სახელოვან მოჭირნახულეს,დიდ ქართველ მამულიშვილს,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს ექვთიმე თაყაიშვილს.
        მრავალრიცხოვანი დიდი საქმეების გარდა ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით 1907 წელს თბილისში დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბევრმა ცნობილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ.საზოგადოება მიზნად ისახავდა შეეგროვებინა,შეესწავლა და შეენახა ქართული კულტურის სიძველენი.     "და წერდა თვით ექვთიმე: "საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად  დაღუპვისათვისაც.პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომეწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს“.1
       ამ საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრები გახლდათ ძმები პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილები.იბრძოდა ექვთიმე და მისი თანამებრძოლნი.მათი საქმიანობის შესახებ 2006 წელს ჟურნალ  „ქვაკუთხედში“. დაიბეჭდა ანდრე კარბელაშვილის მოგონებები: ექვთიმე თაყაიშვილი და ძმები კარბელაშვილები“.
    გთავაზობთ ამონარიდებს:პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ საზოგადოებაში თავიდანვე ჩართულნი აღმოჩნდნენ ჩემი პაპის უმცროსი ძმები_ პოლიევქტოს და ვასილი კარბელაშვილები.
   პოლიევქტოს კარბელაშვილი კარგად იცნობდა ექვთიმე თაყაიშვილს, ერთ-ერთი მაგალითია ის ,  რომ 1906  წელს საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის დადგენილებით ექვთიმე თაყაიშვილს კ.კარბელაშვილს, დ.კარიჭაშვილს, ს.გიორგაძეს დაევალათ მუზეუმში დაცული სიგელ-გუჯრების გამოცემა.
     საქრთველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი კრება შედგა 1907 წლის 20 სექტემბერს.კრება ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომრობით დაიწყო.
    კრებას ესწრებოდნენ საქართველოსთვის ისეთი ცნობილი პიროვნებები,როგორიც იყვნენ: კალისტრატე ცინცაძე,გრიგოლ ყიფშიძე, მ.ვ.მაჩაბელი, აღ.ი.სარაჯიშვილი, ვ.რ.მაყაშვილი , ი.დ. აფხაზი და სხვები, სულ 19 წევრი.
  ექვთიმე თაყაიშვილის წინადადებით დაუსწრებლად საზოგადოების ნამდვილ და დამფუძნებელ წევრებად აირჩიეს: ა.ა.ცაგარელი, მ.გ.ჯანაშვილი,პოლევქტოს და ვასილ კარბელაშვილები,დ.ზ.სარაჯიშვილი, ი.ი.იაბულაძე, ა.თ.ყიფშიძე, ი.ე.ზურაბიშვილი, ი.ს.გოგებაშვილი.
     დამტკიცდა საზოგადოების სამეცნიერო საბჭო. მისი თავმჯდომარე გახდა ექვთიმე თაყაიშვილი,თავმჯდომარის შემწედ აირჩიეს დ.კარიჭაშვილი, ხაზანდრად-ალ.სარაჯიშვილი,მდივნად-ს.გორგაძე, წევრებად-ა.ყიფშიძე, პ.კარბელაშვილი, მ.ჯანაშვილი,  აბულაძე.

   1908 წლის 1 იანვრისთვის საზოგადოებას ჰყავდა 250 ნამდვილი წევრი.ამავე პერიოდში გაიმართა 5 საზოგადო კრება,სადაც რეფერატები წაიკითხეს ს.გორგაძე("ადრეკი მეფე და ეგრეთ წოდებული ორმეფობის ხანა ძველ ივერიაში").
დ. კარიჭაშვილმა("დავით დიდი კურაპალატის გენეალოგია და ვინ უნდა იყოს სუმბატის ქრონიკის დამწერი?"), კარბელაშვილმა("ამილახვრიანთ გვარის სიგელ- გუჯრები"), ა.ახელიამ ("ქართლის მოქცევის ახალი ვარიანტი") და ე.თაყაიშვილმა ბანის ეკლესიის შესახებ").2

ამ კრებულებისა და ოქმების გულდასმით გადაკითხვა გვარწმუნებს, რომ საზოგადოების ორგანიზაციული საქმიანობა, კვევითიცა და შემკრებლობითიც, მაღალ დონეზემიმდინარეობდადა მისი მეცნიერულიპროდუქცია, ეთნოგრაფიულ-ფოლკლორულმასალებთანერთად, სავსებითშესატყვისებოდა,საერთოდ, იმდროინდელი მეცნიერების მოთხოვნილებას.რა თქმა უნდა , ეს, უპირველეს ყოვლისა,საზოგადოების სულის ცჰამდგმელისა და მესაჭის ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა.
                                                 გამოყენებული  ლიტ-რა:
              1.ს.სანიკიძე,“წიგნი მოწამეთა“, თბ, 1988წ
             2.ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გამომცემლობა „აცხოვნე სული შენი“,თბ,N8, 2008წელი 

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას


ექსკლუზიური ფოტო ექვთიმე ღვთისკაცისა.

"ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას.ეს ჯვარი ასე გამოისახება-სწრაფვა ღვთისკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის,ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს,არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდევ მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს". -ბრძანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია
II .
ადამიანისათვის ძნელია ჯვრის ტარება. იგი იტვირთავს თავის ჯვარს, თავის განსაცდელს და ტანჯვას. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი).
ექვთიმეს მოწამეობრივი ცხოვრებით სვლა დაბადებითვე ბედად დაჰყვა. დაბადებიდან მეხუთე დღეს მოუკვდა მამა, ხუთი წლის ასაკში კი დედაც გარდაეცვალა და კიდევ,სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა და სამუდამოდ კოჭლადვე დარჩა.
ასე შეუდგა იგი გოლგოთის აღმართს,იტვირთა ჯვარი საქართველოსი. ღვთის განგებით,დიდი ექვთიმე ათონელის მფარველობიტ,მეოხებით,თითქმის ერთი საუკუნე ატარა მძიმე ჯვარე და ღირსეულად შეასრულა თავისი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე.


წყარო: მართლმადიდებლური კალენდარი გვ. 9 2009წელი

Friday, February 1, 2013

მიმართვა ქართული ემიგრაციისადმი



იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს

ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.

ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.

კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: “ადამის ტომთა წესითადა ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.

თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.

კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.

მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.

ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისამთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!

ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.
ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა.

25 ნოემბერი, 1936, პარიზი

წყარო: 
www.georoyal.ge