Monday, February 25, 2013

ჩვეულებრივი საზოგადო კრება 1912 წელს,მარტის 5_ს





      კრება გაიხსნა საღამოს 8 საათზე. თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს დარბაზში ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. დაესწრნენ საზოგადოების წევრები:ქუთათელაძე,პეტრემირიანაშვილი,მღვდ.ცინცაძე,დ.კარიჭაშვილი,მღვდ.ვას.კარბელაშვილი,არქიმანდრიტი ამბროსი, მღვდ.მაჭარაშვილი, ა.ჯვარიშეიშვილი, ალ.სარაჯიშვილი, გ.ჯავახიშვილი,ს.გორგაძე და გარეშე მსმენელნი.
  I.პირველად ბ-ნმა თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვრცლად გეგმა დიდებულ ბანის ეკლესიისა(ტაოში),რომელიც აშენებული იყო ადარნასე კუროპალატის დროს(888-923წ) : იგი წარმოადგენს მრგვალი მოყვანილობის სამსართულიან შენობას,რომელიც სივრცით თითქმის ყველა ტაძრებს აღემატება ამიერკავკასიაში.

 II. შემდეგ საზოგადოებამ მოისმინა არქიმანდრიტ ამბროსის(ხელაია)მოხსენება "ჭელიშის ვარიანტი ქართლის მოქცევისა". ვარიანტი იძლევა ფრიად საინტერესო ცნობას ქრონიკის ავტორის შესახებ,სახელდობრ,იგი ამბობს,რომ "ქართლის მოქცევა" შედგენილი იყო გრიგოლ დიაკვანისაგან-ვარიანტში მოთავსებულია ახალი ცნობა ბარაზ ბაკურის დროის შესახებ: ვარიანტი ამ მეფეს მიაწერს წმ.გიორგის სახელობაზე ეკლესიის აშენებას. მომხსენებლის აზრით,ამ ცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს,რადგან იგი მოწმობს,რომ წმ.გიორგის პატივისცემა ქართველებში მე-VI საუკუნეშივე გავრცელებულა.რით აიხსნება ეს ფაქტი,თუ არა მით, რომ წმ.გიორგი კაბადოკიელი ქართველი უნდა ყოფილიყო,ან ქართველგანმანათლებლის მონათესავე?! ამითვე უნდა აიხსნებოდეს ის გარემოებაც, რომ არცერთ ხალხში წმ.გიორგის ისე პატივს არა სცემენ,როგორც ქართველებში,სადაც მას სამასზე მეტი ტაძარი აქვს აგებული.მომხსენებლის აზრით,ქრონიკის ჭელიშის ვარიანტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საისტორიო მეცნიერებისათვის.
        მოხსენებამ ცხოველი აზრთა გაზიარება გამოიწვია.
    მღვდ.პოლ.კარბელაშვილი : საყურადღებოდ მიმაჩნია მამა ამბროსის აზრი წმ.გიორგის ქართველობის შესახებ. ეს აზრი გვხვდება როგორც მწერლობაში, ისე ჩვენი მთიულების რწმენა-თქმულებაში,მაგალითად, სვანეთში დღემდე ცნობილია "ვიბლიანების" საგვარეულო,რომელსაც დაცული აქვს ილორის ხატის პირი და რომელსაც ყველა სვანი დიდის მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობა; ამ საგვარეულოში დაცულია გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს ვითომც ვიბლიანები ჭანეთიდან(კაბადოკიის მეზობლად) ყოფილად მოსული და დასახლებული პირველად ილორში და შემდეგ ილორიდან სვანეთში. წმ.გიორგის ის ხატი რომელიც დღეს ილორში ასვენია, ამ საგვარეულოს თან მოუტანია თავისი ძველი სამშობლოდან; ვიბლიანებს სჯერათ,რომ წმ.გიორგი მათი წინაპრების ნათესავი იყო.
    1913წლის 25ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სამუზეუმო დარბაზში ე.თაყაიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართლა საზოგადოების
წევრთა კერძოთათბირი .თათბირს დაესწრნენ: ი.აბულაძე, გომელაური, ს.გორგაძე, გ.იმნაიშვილი,ვ.კარბელაშვილი,დ.კარიჭაშვილი,ა.მირიანაშვილი,პ.მირიანაშვილი,ა.მდივანი და ი.სონღულაშვილი. თათბირის მდივნად აირჩიეს ი.სონღულაშვილი.
     1913წელს პ.კარბელაშვილმა თბილისში გამოსცა ნაშრომი : "ამილახვრიანთ საგვარეულო ისტორიული გუჯრები"("ძველი საქართველო",გვ.101-133) მისი რედაქტორი ე.თაყაიშვილი იყო.
  1913წელს საზოგადოების ნამდვილ წევრთა სიაში იყვნენ: კარბელაშვილი პოლიევქტოს(მღვდელი)და კარბელაშვილი (მღვდელი). საპატიო წევრები - აკაკი წერეთელი,ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი.

წყარო: ჟურნალი "ქვავაკუთხედი",   №8,   გვ.26,   2006წ.

1 comment:

  1. გისურვებთ წარმატებას, ყოჩაღ ბავშვებო

    ReplyDelete