Monday, February 25, 2013

ერისკაცები - ილია და ექვთიმე





       ექვთიმე თაყაიშვილი იმ ეროვნული ფესვებიდან აღმოცენებული მამულიშვილია, რომელსაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში საძირკველი ჩაუყარა ერის სულიერმა მამამ,ილია ჭავჭავაძემ.
         თავისი აქტიური მოღვაწეობით და შემოქმედებით მან წარუშლელი კვალი დატოვა ეროვნული კულტურის ისტორიაში.
       ექვთიმე თაყაიშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ,1883წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ქართველ სტუდენტებს ძლიერი სათვისტომო ჰქონდათ. მათი მთავარი საფიქრალი,საზრუნავი და საკითხავი იყო საქართველო,მისი წარსული,აწმყო და მომავალი.ახალგაზრდა ქართველთა ამ აზრობრივ დუღილს სახელად კვლავ ერქვა "თერგდალეულობა", რომლის სულის ჩამდგმელი და წარმმართველი იყო ილია ჭავჭავაძე.
      ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგში პირადად გაეცნო ჯერ ილიას,მერე ვაჟას,ხოლო აკაკის ექვთიმე პეტერბურგამდეც კარგად იცნობდა-ქუთაისიდან. ქართველი ხალხის ეს სალოცავი სამეული დიდი პატივისცემით,სიყვარულით და იმედოვნებით უცქერდა ახალგაზრდა თაყაიშვილის წინსვლას.
  "სტუდენტობისას ექვთიმე,როგორც მის ყმაწვილობიდანვე მკაფიოდ თავჩენილ საზოგადოებრივ ფრთიანობას შეეფერებოდა, აქტიური მონაწილე ყოფილა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობისა,ხელმოკლეთა სასრგებლოდ საღამოების გამართვისა და ა.შ. ერთხელ,ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით იგი,საამისოდ არჩეული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად,სათათბიროდ ჰხლებია პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს და ამ უკანასკნელის რჩევით,სტუდენტებს კარგად მოზრდილი თანხა გადმოუციათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის. ასე გასცნობია ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს იმ თავკაცს,რომლის ლექსებიც მოწაფეობის დროს სიყვარულით უზეპირებია და რომელთან უმჭიდროესი ურთიერთობა და მხარდამხარ  მოღვაწეობის შემდეგ,სულ მალე,არგუნა ბედმა. ილია მაშინ კარგა შუახნის კაცი ყოფილა: გავიხსენოთ, რომ იმ წელს,როდესაც ექვთიმე დაიბადა ლიხაურში,ილია უკვე რედაქტორობდა ჟურნალ "საქართველოს მოამბეს".

წყარო: გიორგი ლომთათიძე,ექვთიმე თაყაიშვილი,გვერდი 14,თბ.,2011წელი.

No comments:

Post a Comment